ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“.
„ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია.
„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა.
არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – გვითხრა ასმათ ვარშალომიძემ.
ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა: „მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა, ალბათ ამიტომ. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“.
ექთანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა.
სასტუმროში პოლიცია მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს.
ექთნის თქმით, სასტუმროს დაცვა ჰყავს, თუმცა შემთხვევა სწრაფად მოხდა და მისი დახმარება ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: “ბათუმელები”