ოზურგეთში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავა ტექნოპარკის გახსნის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გასულ წელს 11 ათასით გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. თუ ეკონომიკა მზარდია, რატომ ღარიბდებიან ადამიანები _ ამ კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
,,მინდა გითხრათ, რომ კოვიდპანდემიის დროს მთელ მსოფლიოში გაიზარდა ღარიბთა რაოდენობა, საქართველო არ არის გამონაკლისი. ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენ პანდემიის დაწყების დღიდან საკმაოდ ლიბერალური პოლიტიკა გვქონდა არჩეული და ვატარებდით სოციალური დახმარების მიმღებთა მიმართ ანუ ერთგვარი მონოტორიუმივით გვქონდა გამოცხადებული და არსებობდა მკაცრი გადამოწმება ამ მკაცრი კატეგორიების და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი.
ასევე, შეგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა და მალე გახორციელდება. ის შეეხება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაოების შეთავაზებას, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდა დახმარებისა, ისინი შეძლებენ თავიანთი შრომით მოწეული შემოსავლის მიღებას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიღარიბის დონე შევამციროთ ძალიან საგრძნობლად“, _ განაცხადა ნათია თურნავამ.
მოგვიანებით სოფელ შემოქმედში ნათია თურნავა კალანდისადმი მიძღვნილ თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო. ჩვენი კითხვა _ რამდენად ბარაქიანად ხვდებიან კალანდას საქართველოში, მინისტრმა პასუხის გარეშე დატოვა.
[sexy_author_bio]