ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციას სრულად არ შეასრულებს, შესაძლოა, საქართველომ მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა გარკვეული პირობებით.
კრამონის თქმით, თუმცა თუ ქვეყანა სტატუსის მიღების შემდეგ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს მას სტატუსი შეუჩერდება.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“პრობლემის გადაჭრის გზა უნდა მოვძებნოთ იმ შემთხვევაში თუ კრიტერიუმები 100%-ით არ იქნება დაკმაყოფილებული იმ დროისთვის, როცა შეფასების ეტაპზე გადავალთ. რა თქმა უნდა, რაღაც პირობები შეიძლება იქნეს წაყენებული, რომ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ქართველებს, მაგრამ შეიძლება ეს კანდიდატის სტატუსი შევაჩეროთ თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული”, – განაცხადა ფონ კრამონმა.
კრამონის თქმით, საქართველოს კანდიდატობის საბოლოო შეფასების პროცესში 2024 წლის არჩევნები და მისი მოსამზადებელი პერიოდი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და ევროკავშირი დააკვირდება რამდენად თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.
“ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ მოსამზადებელი ფაზა არჩევნებისთვის და ასევე თავად არჩევნები იქნება გამართული თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში, რა თქმა უნდა. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საბოლოო შეფასების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ პირობების დაკმაყოფილება ითამაშებს ძალიან მნიშვნელოვან როლს და ჩვენ შეიძლება მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მომავალში არ დააკმაყოფილებთ მოთხოვნებს თქვენ კანდიდატის სტატუსი შეგიჩერდებათ”, – განაცხადა მან.
ფონ კრამონის თქმით, არ იცის, ეს რამდენად “რეალისტურია”, თუმცა მომხრეა, საქართველომ ამ დათქმებით მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, “რადგან ამ ქვეყანამ გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება, ხალხმა გამოხატა პოლიტიკური ნება”.
“შესაბამისად, ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად ითანამშრომლებს მთავრობა ქართველ ხალხთან და როგორ მისდევს ევროინტეგრაციის და 12 რეკომენდაციის დღის წესრიგს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.