სანამ ქართველები არ დაინახავენ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
მისი თქმით, ამ განცხადებებს უნდა მოჰყვეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც რუსეთმა აღიარა 2008 წელს.
„მე არ მინახავს რაიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ არსებობს ფრენების აკრძალვა და შეზღუდვები ბაზარზე. სანამ ქართველები არ დაინახავენ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.