ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი საკუთარ ბავშვობასა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხშირად იგონებდა.
„როცა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომა დღეს შემხვედრს ეუბნება, ქრისტე აღდგაო, პასუხობენ – ჭეშმარიტადო. რატომ? რატომ პასუხობენ ჭეშმარიტადო? იმიტომ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ეს ბევრმა არ იცის.
ბავშვობაში სოლოლაკში ვცხოვრობდით ჯაფარიძის 13-ში. მეზობლად ცხოვრობდნენ ჩვენი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები. მახსოვს, აღდგომა დილით მესამე სართულიდან ქუჩისკენ ჩარბოდა ჩემი ათი წლის ძმა – ჯიმი. იქვე, კიბის თავში ხვდებიან ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და ბავშვთა ექიმი, პროფესორი ვასო მჭედლოვი. გაქცეულ ჩემს ძმას ძია ვასო უყვირის:
– ჯიმი, ბიჭო, სად გარბიხარ, ქრისტე აღდგა, ქრისტე!
– ვიცი, ძია ვასო, ვიცი! – მოაძახა ჩემმა ძმამ.
ძია ვასო დაიბნა, ასეთ პასუხს არ ელოდა და ბატონი კონსტანტინე ღიმილით ეუბნება:
– თავი დაანებე, ვასო, სცოდნია და რაღას ახსენებ.“