“მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს”, _ ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება შედგება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.
„პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება. მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა.