2013 წელს ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ნიკიტა თალაქვაძის ჩანაწერები _ “მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან”. თალაქვაძე (1873- 1933) უაღრესად განათლებული და გამორჩეული მქადაგებელი ყოფილა, კალისტრატე ცინცაძე მას “უბადლო ენისმეტყველს” უწოდებდა. ის იყო კირიონ II-ის თანამებრძოლი. 1924 წელს ეკლესიის შიდა ბრძოლის შედეგად მან მღვდელმსახურებაზე უარი განაცხადა.
ამონარიდი მისი დღიურიდან: ,,ის, რაც ეხლა ხდება საბჭოთა კავშირის ფარგლებში პოლიტიკურად, ეკონომიურად თუ სარწმუნოებრივად, ლოღიკური შედეგია ყოველივე იმ სიმახინჯისა, დუხჭირობისა და გახრწნილებისა, რასაც ადგილი ჰქონდა დამპალ თვით-მპყრობელობაში და ამ სისტემის იარაღში –გახრწნილ მართლ-მადიდებელ ეკლესიაში.
ქრისტიანობა გააწბილეს ,,გაერთიანებულმა” თვითმპყრობელობამ და მართლ-მადიდებელმა ეკლესიამ!..
საერთოდ, რელიგია მხოლოდ გარეგან წესების კულტად გადაიქცა! ცხოვრებაში, შინ თუ გარეთ, რელიგიას არავითარი გამაკეთილშობელებელი გავლენა აღარ ჰქონდა!..
რაიმე პროგრესის, ცოდნის და განხლების ცხოვრებაში შეტანაზე ხო ლაპარაკიც მეტია!..
ყველა რელიგიები მეტად გაყინულ ფორმებში იყვნენ ჩამოსხმულები და დარჩენ კიდევაც ასეთები!..
ისინი, მართლაც ყოველგვარი ცრუ-მორწმუნოებისა და სიბნელის ბუდეთ გადაიქცენ!..
მართლაც დაუკავშირდენ რელიგიები ,,ძლიერთა ამა სოფლისათა”, დაივიწყეს და გვერდს უქცევდენ მაშვრალთა და ტვირთ მძიმეთა უღლის შემსუბუქებას!..
პირიქით… ეწეოდენ ხალხის რელიგიური უვიცობის ექსპლოატაციას!… ყვლეფას!…”
ირაკლი მახარაძე