3 სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. მათთვის ყველა გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-ით და მეტი ოდენობით ფასდაკლება შეეხება.
ფასდაკლება ვრცელდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის მეორე ტიპის, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის ივლისიდან აამოქმედა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს. 2018 წლის 13 აგვისტოდან, კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.