საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც ლანჩხუთელი ბიზნესმენის კორნელი კუკულაძის საქმე გადაისინჯება.
პროკურატურა გეგმავს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს აწგარდაცვლილი კორნელი კუკულაძის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. პროცესში მონაწილებას დაზარალებულის უფლებამონაცვლე, შვილი ვახტანგ კუკულაძე მიიღებს.
ლანჩხუთელ ბიზნესმენს გრიგოლეთში 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის წინა ხელისუფლების პერიოდში „აჩუქებინეს”, ხოლო მოგვიანებით კი ნახევარმილიონიანი ჯარიმა გამოუწერეს. შედეგად, თავის სახელზე გადაფორმებული მთელი ქონება დაუყადაღეს.
„2001 წლიდან მოყოლებული კორნელი კუკულაძე მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში არსებულ 19,5 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა პანსიონატის მშენებლობის მიზნით.
2006 წელს, აღნიშნული ქონება ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც კორნელი კუკულაძის მიმართ დაიწყო ზეწოლა ქონების დათმობის მიზნით. იგი თაღლითობის ბრალდებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთი მოტყუებით ჰქონდა ხელში ჩაგდებული, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად სამართალდამცავების მოთხოვნით კორნელი კუკულაძემ უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6 ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა კორნელი კუკულაძის მიერ ქონების კანონიერად ფლობის და სამართალდამცავ ორგანოში ზეწოლის განხორციელების ფაქტები, რაზედაც მიუთითებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. აქედან გამომდინარე, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს კორნელი კუკულაძის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს, რომელიც გარდაცვლილია და მის ნაცვლად პროცესში მონაწილეობას დაზარალებულის უფლებამონაცვლე – შვილი ვახტანგ კუკულაძე მიიღებს“, -ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზემონახსენები დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული ქონება გასულ წელს კიდევ ერთ ლანჩხუთელს, ზაურ ფირცხალაიშვილს დაუბრუნდა, რომელიც 2005 წლის დეკემბერში თაღლითობის ბრალდებით დააკავა დასალეთ საქართველოს პროკურატურამ.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს პროკურატურას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ჰყავდა მოქალაქე ზაურ ფირცხალაიშვილი, რომელსაც კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი. ფირცხალაიშვილის დაკავების შემდეგ, ზემოხსენებული ქონება ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაც პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმროდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქონების დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფ, დაკავებულ ზაურ ფირცხალაიშვილს დააწერინეს განცხადება ქონების დათმობის თაობაზე, შინაარსით, რომ მოქალაქე სახელმწიფოსადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად თმობდა ლანჩხუთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და ის გათავისუფლდა დაკავებიდან.
საბოლოოდ, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, ზაურ ფირცხალაიშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა დამატებით ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით“, -წერია ფირცხალაიშვილის საქმეში.