როგორც „გურია ნიუსს“ აცნობეს, ხონის რაიონის სოფლებში გახშირდა მავთულბადიანი, ე.წ. „სეტკიანი საწოლების ქურდობა. სოფელ ხიდის ტერიტორიაზე ერთ ღამეში შვიდი სახლი გატეხეს და საწოლების მხოლოდ სეტკიანი ნაწილი წაიღეს.
_ საგებ-სახურავი ძირს იყო გადმოყრილი, საწოლის თავებიც იქვე ეყარა, დასაწოლი, „სეტკიანი“ ნაწილი კი ყველა ოჯახიდან წაღებულია. ეს მოხდა დაკეტილ ოჯახებში. ყველგან კარი იყო გატეხილი. ახლა, ვინც ადგილზე ვცხოვრობთ და არსად წავსულვართ, იქნებ ჩვენც მოგვადგნენ, _ ამბობს წყარო და დასძენს, რომ ასეთი საწოლები, თანამედროვე ფორმით სხვანაირად კეთდება და ქურდობის მიზეზიც ეს უნდა იყოს.
_ ხონში და ახლომახლო ქალაქებში ბევრგან არის გახსნილი კერძო ავეჯის საამქროები. პოლიცია რომ მოინდომებდეს, ქურდების დაჭერა არც ისე ძნელია, თუმცა, დღემდე არცერთი ქურდი ნაპოვნი არაა. დაკეტილი სახლებიდან მოსაპარი არაფერი დარჩა. რაკი დღეს „სეტკიანი“ საწოლების ბუმია, აწი უნდა ვუფრთხილდეთ, „ვარდენის ქალიშვილივით“ ჩვენც არ გაგვაყოლონ მოპარულ საწოლს, _ საკუთარ გულისტკივილს ხუმრობაც მოაყოლეს ადგილობრივებმა.