შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განმარტა, შსს განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.
“იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ – ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან – ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ,”– განაცხადეს შსს-ში.