თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, სამივე ბრალდებულს ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები, სისტემატიურად ხვდებოდნენ ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს ზ. ჩ.-ს, რომელსაც მუქარითა და დაშინებით სთხოვდნენ კანონიერი ქურდების სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდას.
“სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სასამართლოში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდგომ მიიჩნია, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სხვადასხვა ინტენსივობით არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულების საზიანო ზემოქმედების მოხდენის, ასევე, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები. გამოძიების საწყის ეტაპზე, ხსენებული საფრთხეების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ ამ საფრთხეების აღსაკვეთად მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 21 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება”, _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.