თბილისის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას, სამი ბრალდებულიდან ერთ-ერთს, ტარიელ მახარობლიძეს გული ცუდად გაუხდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ცოტა ხანში პროცესი კვლავ განახლდა და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გაუქმდა.
სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უკვე მესამე საათია მსჯელობს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობით შევიდა სასამართლოში. პროკურატურა კი პატიმრობას ითხოვს.
შსს თანამშრომლებმა სამი ადამიანი ორი დღის წინ დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ორ ქალაქში, თბილისსა და რუსთავში ჩატარდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებს უცხოეთში მყოფ, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრებთან ჰქონდათ კავშირი და მათი დავალებით რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს.