ბათუმში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს ქუთაისში. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს და აღნიშნეს, რომ ყოველგვარი ძალადობა მათთვის მიუღებელია.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა,
რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებული ექვსივე პირი მოინახულა და განაცხადა, რომ მათ დაზიანება არ აღენიშნებათ. დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას მათ მიმართ არ უძალადიათ.
imedinews.ge