„ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ შეუძლებელია ქვეყანა იყოს ოკუპირებული, წართმეული ჰქონდეს ტერიტორიის 20%-ზე მეტი და ვინმემ გაბედოს, თუნდაც ერთი გოჯი მიწის გასხვისება _ ეს შეუძლებელია, ეს არ მოხდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულება და შეწყდეს ამ თემაზე საუბარი!“ _ ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორმა ენდი ნემსიწვერიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა, კაშხლის სიმაღლეზე, ელექტრო თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე კი არა, უპირველეს ყოვლისა, ხალხის გაჭირვებასა და არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იზრუნოს.
„დღეს ლეჩხუმში რა მდგომარეობაა, რაჭაში რა მდგომარეობაა, შეიძლება მივიდეს კაცი და სახლ-კარი, კარმიდამო, სულ რაღაც, 2000 და 3000 ლარად იყიდოს.
დაცლილია მთა, გაჭირვებულია ხალხი. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, კაშხლის სიმაღლეზე, ელექტრო თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე კი არა, უპირველეს ყოვლისა ხალხის გაჭირვებაზე და იქ არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იზრუნოს.
რას მოიტანს იქ შენება, რა იქნება იქ ხვალ, მითუმეტეს, 99 წლის განმავლობაში _ იცის ვინმემ?
რადგან დღეს ეს საკითხი წამოჭრეს რიონისპირელმა ბიჭებმა, მე მჯერა, რომ ხვალ მათ შეუერთდებიან ალაზნისპირელები, არაგვისპირელები და საქართველო თავის ღირსებას დაიბრუნებს!“ – განაცხადა აქციაზე ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორმა ენდი ნემსიწვერიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რომელშიც, დაახლოებით ,22 ათასი ადამიანი მონაწილეობს.