საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება Aigroup-ის ნომერ პირველი ამოცანაა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტირების ეტაპი სრულდება და ქართული ინდუსტრიული ჯგუფი AiGroup, სულ მალე, სამუშაოების მეორე ეტაპზე გადავა. მშენებლობის დაწყება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ქუთაისის საწარმოში აწყობილი პირველი მანქანა 2020 წელს გამოვა საქართველოს ბაზარზე. უახლოეს წლებში კი კომპანიის მიზანია ქართული ელექტრომობილით წარდგეს ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ კომპანია პროექტში ითვალისწინებს ყველა იმ სტანდარტსა და რეგულაციას, რაც ევროკავშირის ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამება.
დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იანოშ ადერი, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ჩვენს ქვეყანაში ელექტრომობილების წარმოების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს. აქვე გამოთქვა ინიციატივა ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილების უნგრეთში ტესტირების შესახებ.
საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება Aigroup-ის ნომერ პირველი ამოცანაა. ელექტრომობილების წარმოების პარალელურად Aigroup ავითარებს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი და ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
კომპანია Aienergi საქართველოს მასშტაბით ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას ქმნის. ამ მიმართულების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ელექტრომობილების ბაზრის გაფართოება. ელექტროგასამართი სადგურები დამონტაჟებულია თბილისსა და ბათუმში. ეტაპობრივად ხდება სხვა დიდი ქალაქების ჩართვა ამ სქემაში. წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა 300 ელექტროგასამართი სადგური, რაც მოქნილსა და კომფორტულს გახდის ელექტრომობილებით სარგებლობას.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიბმული Aigrup-ის მიერ დაარსებული კიდევ ერთი კომპანია Aicar-ი, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც აპრილიდან წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში და უკვე აგვისტოში აჭარაშიც შევიდა. უახლოეს მომავალში, ამ სერვისით ისარგებლებენ ქუთაისში, რუსთავსა და თელავშიც. ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად ელექტრომობილების გაზიარების სერვისიც ვითარდება. „აიქარი“, სულ მალე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იფუნქციონირებს.
Aigroup-ის კიდევ ერთი კომპანია Aipower ალტერნატიული გზით, კერძოდ კი, მზის პანელებით გეგმავს ელექტროენერგიის წარმოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი ელექტროსადგურის პროექტირება, რომელიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს წლის ბოლომდე.
თითოეული ეს პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შექმნასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.