ბატონი გოგი ქავთარაძე ერთი პერიოდი ქუთაისში მოღვაწეობდა. ქვემოთ მოყვანილი ისტორია ამ ქალაქში გადახდა და დღემდე არაერთხელ იხსენებს.
„ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სტუმრად გვყავდა რუსი მსახიობი იური იაკოვლევი, რომელსაც სწორედ ჩვენთან შეუსრულდა 50 წელი. თეატრში რაღაც ღონისძიება იყო. მე დავრჩი. იაკოვლევი, რამდენიმე მსახიობთან ერთად, რესტორან „გელათში“ გავისტუმრე.
ცხადია, გაიშალა დიდებული სუფრა, ბრწყინვალედ მღერის ქუთაისის დასი. ჰოდა, ამღერდნენ მსახიობები და აჰყვნენ ნაირნაირი კერძებით ხელდამშვენებული ოფიციანტები. რა სასწაულად მღერით, ეს ყველაფერი დადგმულიაო? – გაგიჟდა თურმე სტუმარი.
თეატრში როგორც კი დასრულდა ღონისძიება, რამდენიმე მსახიობთან ერთად, ფაფახებით, ნაბადებითა და სპორტული იარაღით აღჭურვილებმა ალყა შემოვარტყით რესტორანს და იაკოვლევი გამოვიძახეთ. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე „ტყვიები“ დავახალეთ. იდგა დაბნეული, შიშით დაზაფრულს ვერ გაეგო, რას ვერჩოდით. ბოლოს, ფანჯარაში გადმომდგარს, ფიალებზე ანთებული სანთლებით მივულოცეთ დაბადების დღე…“.