„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საიმანოვის მიხედვით, 10 მილიონი ევრო, რომელიც Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებადაა მითითებული, რეალობასთან ახლოს არაა.
„კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს რაც შეეხება, აქ სალაპარაკოც არაფერია. Transfermarkt-ზე მეც შემიძლია ფასი ჩავწერო და ის 25 მილიონი ევრო ეღირება. რაზე უნდა მოვახდინოთ ორიენტირება? დაახლოებით ხომ ვიცით, რა ღირს ასეთი ფეხურთელი. რა 10 მილიონი?! გაიარეთ და 10-ად ვინმე სხვა აიყვანეთ.
ჩვენი ჩემპიონატიდან ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მინდოდა. მის ვინაობას არ დავასახელებ, რადგან არ მსურს, კოლეგები დავაღალატო. მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მომთხოვეს. ეს თანხა უნდოდათ ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელსაც ცვლილებაზე ათამაშებენ. კი ბატონო, ის რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ–ერთი ლიდერი კლუბის წარმომადგენელია, მაგრამ 8 მილიონი?! ხვიჩა ყველა მაჩვენებლით მას რამდენიმე თავით სჯობს“, _ ამბობს საიმანოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში კვარაცხელიას ევროპულ კლუბებს უკავშირებენ. საუბარი იყო „დორტმუნდზე“, „სევილიაზე“, „იუვენტუსსა“ და „ნაპოლიზე“, ცოტა ხნის წინ კი დაიწერა, რომ ხვიჩას გადაბირებით „გალათასარაი“ ინტერესდებოდა.