“The Telegraph”-ის ცნობით ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს გელი რომელმაც დიეტოლოგიაში შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს. ორი ინგრედიენტისაგან შემდგარი ნაერთი კუჭის წვენთან კონტაქტის შემდეგ გელად გადაიქცევა და ფართოვდება. ორგანიზმი მას ძნელად ინელებს და კუჭში რჩება, რის გამოც ადამიანს შიმშილის მწვავე შეგრძნება დიდი ხნის განმავლობაში არ აწუხებს.
პერსპექტივაში მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი გელი გახდება დანამატი გახდომის მსურველთათვის განკუთვნილ პროდუქტებში. ექსპერტთა განცხადებით, თანამედროვე საკვების პრობლემა ის არის, რომ ის ძალიან რბილია, ორგანიზმი მას სწრაფად ინელებს და კუჭი მალე ცარიელდება, რის გამოც ადამიანები ვერ ზომავენ საკვების რაოდენობას და ხშირად უწევთ წახემსება.
გელის შექმნის დროს გამოიყენება ჰიდროკოლოიდები, რომლებიც მჟავასთან რეაქციაში შედის. ეს მასალა მზადდება წყალმცენარეებისაგან, კრახმალისა და ციტრუსის კანისაგან. ისინი ქმნიან წყალში ხსნად წებოვან მასას. ჩვეულებრივ პირობებში ჰიდროკოლოიდები მუშაობს, როგორც კვების პროდუქტების გამასქელებელი მასალა. მაგრამ კუჭში მჟავასთან რეაქციაში შესვლის შემდეგ ჰიდროკოლოიდი გარდაიქმნება გელად.
ჰიდროკალოიდის მიღება შესაძლებელია ცალკე, თხევადი სახითაც.
გელი ორგანიზმისათვის აბსოლუტურად უვნებელია, ადამიანს უქმნის დანაყრების შეგრძნებას, თუმცა ორგანიზმი ვეღარ იღებს ენერგიის წყაროს – შაქარს. მეცნიერები ამჟამად სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობენ.