ცნობილი ესპანელი მსახიობი პენელოპე კრუსი, განსახიერებული როლების გარდა საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობითაც გამოირჩევა. ქალბატონი პენელოპე უსახლკარო ბავშვებს ეხმარება და მათი დახმარების ფონდში თანხებს რეგულარულად რიცხავს.
ცოტა ხნის წინ ესპანელი ჟურნალისტები სახელგანთქმული თანამემამულის ამ საქმიანობით დაინტერესდნენ და მსახიობთან მცირე ინტერვიუ ჩაწერეს.
„ქველმოქმედებით პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დავინტერესდი. ვიცოდი რამდენი ბავშვი იტანჯებოდა ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრების გამო. ლეოს დაბადების შემდეგ ეს საშინელება მთელი სიმწვავითა და ტკივილით შევიგრძენი.
ამის შემდეგ ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ძირითადად მომღერალი ბონოს მიერ ჩამოყალიბებულ ფონდს ვეხმარები.
თავის დროზე მთელი წელიწადი ბავშვთა თავშესაფრებში დედა ტერეზასთან ვმუშაობდი. იმ დროიდან მოყოლებული, ბევრ გადაწყვეტილებას ცხოვრებაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით ვღებულობ. უმუშევრად დარჩენა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ მემუქრება. მაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა რომ გაჭირვებულ პატარებს მძიმე ყოფა კიდევ არაერთი წლის განმავლობაში შევუმსუბუქო“, – განაცხადა პენელოპე კრუსმა.