2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ კომიტეტთან შეიქმნა „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“.
სამუშაო ჯგუფი შედგება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმები“.
2018 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან ერთად გამართა შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან. მხარეები კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ხვალ, 23 აგვისტოს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კომპანია RMG-ისათვის დაკისრებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის განხილვა.
შეხვედრას დაესწრებიან:
- საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესრუსების კომიტეტის თავმჯდომარე;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები;
- „საყრდისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლები;
- „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის“ წარმომადგენლები;
- კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობა.