თბილისში, ქსელური მარკეტების ნაწილში დახლებზე კვერცხი არ არის.
“არც “გვირილაში”, არც “ნიკორაში”, არც “მაგნიტში”, არც “ორ ნაბიჯში” კვერცხი არ აქვთ. ვერ ვიყიდე. დასაქმებული პერსონალი ვერც იმას ამბობს, როდის მიიღებენ,”_ ეუბნებიან “გურია ნიუსს”.

როგორც კომპანია “სავანეთი”-ს რეალიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი გახოკია “გურია ნიუსთან” ამბობს, ბაზარზე კვერცხის დეფიციტია.
“წარმოების პრობლემა არ გვაქვს. ბაზარზე არსებული დეფიციტი მოქმედებს ჩვენზეც. წარმოებული პროდუქცია იყიდება სწრაფად”,_ ამბობს გახოკია.
_ დეფიციტი რით არის გამოწვეული? (რედაქციისგან, არაოფიციალური ინფორმაციით, ქათმები ფრინველის ჭირმა დახოცა)
_ სხვა კომპანიებს აქვთ დეფიციტი. როგორც ვიცი, კახეთის მხარეში მწარმოებლებს კვერცხის მდებელ ქათამზე ჰქონდათ პრობლემა, რომელიც წარმოებაზე აისახა და ფიზიკურად კვერცხს ვერ აწვდიან მაღაზიებს. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდა მეტი მოთხოვნა იმ მომწოდებლებზე, რომლებიც რეგულარულად ვაწვდით. ჩვენი კომპანია რეგულარულად მუშაობს და არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ბაზარზე მოცემულობა.
_ ხომ არ არის მოსალოდნელი კვერცხზე ფასის მატება?
_ მე არ ვარ კომპეტენტური. ამას კომპანია წყვეტს, მაგრამ ყველაფერზე ფასმა მოიმატა. როგორც ნედლეულზე, ისე გადასახადებზე, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და არ გამოვრიცხავთ, რომ კვერცხზე ფასის მატება მოხდეს.





























































