კვიპროსმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში მოგზაურობის ხარჯებს აუნაზღაურებს იმ ტურისტებს, ვისაც მოგზაურობის დროს კორონავირუსი დაუდასტურდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირების შემთხვევაში ტურისტებს საცხოვრებლის, წამლების და საკვების ფულს მისცემს.
ტურისტებს მხოლოდ აეროპორტის ტრანსფერისა და რეპატრიაციის ფრენის საფასურის გადახდა მოუწევთ.
ეს არის პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ტურისტების კუნძულზე დაბრუნებას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ 100-საწოლიანი საავადმყოფო გამოიყოფა სპეციალურად იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დადებითი პასუხი აღმოაჩნდებათ ტესტზე, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის რამდენიმე ე.წ. “საკარანტინო სასტუმროა“ გათვლილი.
კვიპროსი გეგმავს აეროპორტების გახსნას 9 ივნისს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, დაბალი რისკის ქვეშ არიან, მათ შორისაა გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი და მალტა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის 939 შემთხვევა და 17 დაიღუპა.