კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ხოლო ყირიმი კი უკრაინაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Age of Crimea-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მის კომენტარს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ყირიმი უკრაინაა! შესაძლოა, ჩვენი საზოგადოება ბევრ საკითხზე კამათობდეს, მაგრამ აქ უკრაინელები 100%-ით ერთიანები ვართ… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებდეს. კი, ეს ძალიან რთული საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ვერ გადაწყდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ დღეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში უკრაინელები 100%-ით გაერთიანებულნი არიან. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის დაბრუნება რთული ამოცანაა და ხვალვე ვერ გადაწყდება.
„თუმცა, არის რაღაცეები, რაც უკვე დღეს უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, უკრაინის იმ მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებიც ყირიმში ცხოვრობენ. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დონბასში ომი შეწყდეს, რათა ჩვენი საუკეთესო უკრაინელები ყოველ დღე არ დავკარგოთ. ამაზეა მიმართული ჩვენი ძალისხმევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმი დღის წესრიგში არ არის ან დონბასში მშვიდობის ფასი შეიძლება გახდეს“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ინტერვენცია და ოკუპაცია.