საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
„2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში. წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია“, რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნატო-ს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის. მოგეხსენებათ, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი შევიტანეთ. განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით – გასულ წელს, არასოდეს ყოფილა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება.