საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის საქმიანობას აფასებს. როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
“საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო. საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ელჩი კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება. მე მას წარმატებებს ვუსურვებ! ვიმედოვნებ, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კიდევ არაერთხელ ეწვევიან საქართველოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ მათ ყოველთვის სიხარულით ვუმასპინძლებთ. საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი,”- წერს კვირიკაშვილი.
იან კელი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ელიზაბეტ რუდი შეცვლის, რომელიც 2017 წლიდან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.
მარტის ბოლოს იან კელი საქართველოდან ჩიკაგოში გაემგზავრება ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. როგორც კელიმ თქვა, ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებით დაკავდება.