პარლამენტარმა ლადო ბოჟაძემ უმრავლესობა დატოვა _ წუხელ, „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში მან თქვა, რომ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ უერთდება.
„დღეს გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა. ვუერთდები პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“.
ამის მიზეზი არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ.
იცით, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი ქვაკუთხედი.
საზოგადოება ხედავს ძალიან მძიმე კადრებს სასამართლო სხდომებიდან, დამოკიდებულებას მანდატურებთან, მოსამართლეების მიმართ. არაერთი პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ჟურნალისტი იყო დაბარებული სასამართლოში. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ საერთოდ არ ცნობენ და არ აპირებენ ამ კანონის შესრულებას, რომ საერთოდ არ მივლენ სასამართლოში.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის რადიკალიზმი, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის ის გეგმა და სქემა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალაშია.
მე ამ პროცესების თაობაზე მქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან. იცით, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს სახელმწიფოს კანონის აღსრულებასთან მიმართებით“, – განაცხადა ბოჟაძემ.