23 დეკემბერს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის თანადგომით საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Grand Prix გაიმართა, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ისრაელის, ეგვიპტის, ყაზახეთის, უკრაინის და საქართველოს 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ დაასახელა 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელები, რომელთა შორისაცაა ლანჩხუთელი მერაბ თურქია. რაც შეეხება უშუალოდ შეჯიბრს, ერთ-ერთი მთავარი სენ-სეი გახლდათ სწორედ მერაბ თურქია. მისი აღზრდილებიდან ტურნირზე მხოლოდ ერთმა, გიორგი ზენაიშვილმა იასპარეზა (ფინანსური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა სხვა სპორტსმენების გამგზავრება), რომელსაც ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე.
გიორგიმ რთული გზა გაიარა ფინალამდე. მან ოთხი მძიმე ბრძოლა გამართა და ფინალში საქართველოს ნაკრებში თავის უშუალო კონკურენტს თბილისელ მათე ჩაგანავას დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ლიდერია მის წონაში (16-17 წელი, + 76კგ.) და რეიტინგშიც არავის უთმობს პირველობას. უშუალოდ ეს ბრძოლა დაძაბული გამოდგა და 1-1 დამთავრდა, მაგრამ მსაჯთა გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი თბილისელ სპორტსმენს მიანიჭეს, ჩვენებური კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, ამას არ უმოქმედია მის რეიტინგზე და ქულების რაოდენობით (60 ქულა) ჩვენებური ისევ ინარჩუნებს ლიდერობას.
დიდი ალბათობით გიორგი ზენაიშვილი გაემგზავრება დანიაში, კოპენჰაგენში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსასვლელად, რომელიც ჩატარდება 2019 წლის თებერვალში.