ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კადეტებს შორის გაიმართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, სპორტული ცენტრის აღზრდილი გიორგი შოთაძე იცავდა (მწვრთნელი ზაზა ღლონტი).
შოთაძე სარაევოში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში იყო ჩასული. შარშან მან უმაღლესი ტიტული 50კგ. წონაში მოიპოვა, ამჯერად კი წარმატებას 5კგ. წონით მაღლა მიაღწია.
გიორგიმ არც ამჯერად გაუცრუა იმედები მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ახლობლებს და იგი ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, როგორც უკვე ორგზის ევროპის ჩემპიონი. ფინალის გზაზე ქართველმა ფალავანმა პოლონელი კრიშტოფ სტეფანი (11:0), უნგრელი რაიმუნდ ფარკასი (4:1), სომეხი აშოტ კირაკოსიანი (5:2) და აზერბაიჯანელი ჰასან მამადლი (4:1) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქ მუსტაფა ილდირიმს 3:1 აჯობა.
ფინალური შეხვედრა ყოველთვის დაძაბულია და არც ეს იყო გამონაკლისი. ამას დაერთო მსაჯების არაობიექტურობა, თუმცა რომ არა გიორგის უზომო მონდომება, ტალანტი და ნიჭი, მას ფინალს წააგებინებდნენ. გიორგიმ 1:1 – ზე მოახერხა ძალების მობილიზება და ბოლო 10 წამში გააკეთა მომგებიანი ქულა. მან საკმაოდ აგრესიულად შეუტია თურქ მეტოქეს და აშკარად დაჯაბნა ფიზიკურად. ერთ ეპიზოდში ჩენებურმა მეტოქის ხალიჩის გარეთ გაყვანა სცადა, თითქოს წაიბორძიკა, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც მოიკრიბა ძალები და შედეგს მიაღწია. თურქებმა ეს ეპიზოდი გააპროტესტეს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, პირიქით შოთაძეს მესამე ქულა დაემატა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, რაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მეორედ გასვლის საწინდარი აღმოჩნდა.
სექტემბერში, შოთაძეს მსოფლიო ჩემპიონატი ელის, რომელიც ათენში გაიმართება და დიდი შანსია მან ამ წონის თანატოლებში მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვოს.
ფაქტია, რომ გიორგი მართლაც ნიჭიერი და რაც მთავარია ბრძოლისუნარიანი ტალანტია. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ყველას, ვინც მას გულშემატკივრობს, რომ მან ასევე გააგრძელოს და თან ის შრომისმოყვარეობა წარმოაჩინოს, რომელიც აუცილებელია შედეგის მისაღწევად. დიდი იმედი გვაქვს, ის ყველაფერს გაკეთებს სამომავლოდ, რომ ეს აღმასვლა გააგრძელოს და ეჭვი არ გვეპარება თავის დროზე ქვეყანას და მშობლიურ ლანჩხუთს, უკვე ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლება მისი სახით.