დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი ფინალისტი დასახელდა, რომელთა შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავაცაა. გარდა ამისა, ფინალურ ეტაპზე გავიდნენ: ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე – ქ.თბილისის კერძო სკოლა “ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე – ქ.თბილისის #43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
ფინალი ხუთ ოქტომბერსაა და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი ამ ხუთეულიდან რომელი მოიპოვებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებელ კონკურსში, რომელიც კოალიცია განათლება ყველასთვის – საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, თავიდან 114 მასწავლებელი ჩაერთო.