„ლანჩხუთთან“ მომხდარ გახმაურებულ სკანდალში „ნიკე-ლუსო“ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ადანაშაულებს _ გავრცელებულ განცხადებაში ზოგადად დაგმობილია ძალადობა, მაგრამ არაფერია ნათქვამი მათ ქომაგებზე, რომელთაც გურული კლუბის ფეხბურთელებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
“ლანჩხუთთან გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი. მატჩის დასრულებისთანავე, მსაჯის საბოლოო სასტვენის შემდეგ, „ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი გუნდის მოთამაშეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია დაძაბულობა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენმა გუნდმა მიიღო ქალთა ლიგისთვის უპრეცედენტო ზომები, ორივე გუნდის გულშემატკივარმა მატჩის დასრულების შემდეგ მაინც შეძლო მოედანზე შესვლა, რაც დროში თანმიმდევრული იყო ინციდენტთან“ _ წერს კლუბი, თუმცა ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა და დიდი ალბათობით, საფინალო სასტვენამდე, მარტივად მოახერხეს მათმა ქომაგებმა მოედანზე შეჭრა.
ამის პარალელურად, კლუბი აცხადებს, რომ გმობს ძალადობას: „ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, პროვოკაციასა და აგრესიას, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც უნდა აერთიანებდეს და დადებით ემოციებს უღვივებდეს როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება და საფეხბურთო გარემო დარჩება სამართლიანობის, სპორტულობისა და ურთიერთპატივისცემის სივრცედ!” – ვკითხულობთ „ნიკე-ლუსოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: „ლანჩხუთმა“ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მოედანზე არა მატჩის დასრულების შემდეგ, არამედ საფინალო სასტვენამდე შეიჭრნენ „ნიკე-ლუსოს“, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების ქომაგები და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს. გავრცელდა 16 წლის ანანო წიქარიძის ფოტოც, რომელსაც სახეზე ეტყობა ძალადობის კვალი. ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ქომაგმა სახეში მუშტი ჩაარტყა. „ლანჩხუთი“ დამნაშავეების დასჯას და შედეგის (მატჩი 2:1 მოიგო „ნიკე-ლუსომ“) გაუქმებას ითხოვს.



































































