ლანჩხუთის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაციის ჩატარებაზე ალაპარაკდა. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე მახათაძემ მას შემდეგ გააჟღერა, რაც გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წერეთელმა ადგილობრივ კანონმდებლებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სამწლიანი ანგარიში წარუდგინა და უწყებაში ცვლილებების აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი.
„ვინც კულტურას ემსახურება და იცის ეს სფერო, გაერთიანების ხელმძღვანელთან საკითხები უნდა შევაჯეროთ. შედეგისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ამ ადამიანს მადლობას ვეუბნებით გაწეული სამსხურისთვის, მაგრამ უკეთესი ხომ გვინდა?! წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ამიტომ საჭიროა რეორგანიზაცია, რასაც დავით წერეთელიც ამბობს“, _ თქვა საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ.
მახათაძის მხრიდან გაჟღერებულ ინიციატივას დასტური მერმა, ალექსანდრე სარიშვილმაც მისცა.
„აუცილებლად დასაწყებია. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა კომისიამ, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მესმის მტკივნეული იქნება, ვიღაცას წასვლა მოუწევს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ჩვენ შედეგი უნდა მივიღოთ. შეიძლება არ გყავდეს ბევრი თანამშრომელი, მაგრამ უნდა გყავდეს ხარისხიანი“.
[sexy_author_bio]