ლანჩხუთის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” საქმიანობის 2019-2020 წლებს მოიცავს, ირკვევა, რომ ორგანიზაციაში არა ერთი დარღვევაა გამოვლენილი, მათ შორის, საუბარია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
აუდიტის მიგნებების მიხედვით, დარღვევებია როგორც საკადრო პოლიტიკაში, ასევე, შრომით ხელშეკრულებებში, შესყიდვებში და ასე შემდეგ.
როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2019 წელს დაწესებულების მიერ გახორციელებული რეორგანიზაცია არაეფექტური იყო _ გაიზარდა საშტატო ერთეული და საბიუჯეტო სახსრები.
“მუნიციპალიტეტის მერიას დასამტკიცებლად წარედგინა ორგანიზაციის დირექტორის 2019 წლის 17 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო, რომლის თანახმადაც დამტკიცებულმა 89 საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა 360 300 ლარი, რაც ერთი საშტატო ერთეულით მეტია რეორგანიზაციამდე არსებულ საშტატო რაოდენობაზე და 7500 ლარით მეტია დაწესებულების რეორგანიზაციამდე არსებულ საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ჯამურ მაჩვენებელზე, რაც მიანიშნებს დაწესებულების მიერ გახორციელებული რეორგანიზაციის არაეფექტიანობაზე”, _ წერია აუდიტის დასკვნაში, სადაც ისიცაა განმარტებული, რომ “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მიერ არ არის წარმოდგენილი რეორგანიზაციის გახორციელების მიზანი და საჭიროება”.
აუდიტისვე განმარტებით, 2019 წელს ორგანიზაციის დირექტორის მიერ გახორციელებული საკადრო პოლიტიკა სამართლებრივად შეუსაბამო იყო. ამის მთავარ არგუმენტად აუდიტს სასამართლო და სააპელაციო ინსტანციების დასკვნები მოაქვს: “სასამართლო და სააპელაციო ინსტანციებში ბათილად იქნა ცნობილი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2019 წლის 31 იანვრისა და 18 ივნისის ბრძანებები, რამაც ნეგატიური ასახვა ჰპოვა, როგორც ორგანიზაციის იმიჯზე, ასევე, ბიუჯეტზე, რადგანაც ორივე მოსარჩელეს განაცდური ხელფასის ანაზღაურების გარდა (რამაც ჯამურად 13 660 ლარი შეადგინა), ორგანიზაციას სამართლებრივად შეუსაბამო ქმედებათა გამო, ასევე, მოუწია გაუთვალისწინებელი და მაშასადამე, არამიზნობრივი ხარჯის გაღება _ 5824 ლარი”.
მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში დარღვევებია გამოვლენილი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების კუთხითაც.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციამ საადვოკატო მომსახურების მიზნით, 1920 ლარზე, ადვოკატ კონსტანტინე გელაშვილთან, 2019 წლის 19 მარტიდან სასამართლო პროცესის დასრულების ვადით გააფორმა შრომითი ხელშეკრულება, რაც, აუდიტის დასკვნით, კანონდარღვევას წარმოადგენს.
“აღნიშნული სახის მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესყიდვის საგანს და შესაბამისად, ასეთი სახის მომსახურების მიღება უნდა გახორციელებულიყო ზემოთ ნახსენები კანონით გათვალისწინებული პირობებით”, _ წერია დასკვნაში.
აქვე მერიის შიდა აუდიტი აქცენტს აკეთებს ორგანიზაციის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც და საამისოდ არაერთი მაგალითი მოჰყავს. ირკვევა, რომ ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით მხატრულ-შემოქმედებითი სამსახურის გამნათებლად დაასაქმეს რევაზ ლორთქიფანიძე, რომლის სამუშაო დროც, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, 10-დან 18 საათამდე განისაზღვრა. აუდიტის დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პიროვნება, ამავდროულად, ბათუმის სახელმწიფო თეატრში იყო და არის დასაქმებული გამნათებლის სრულ საშტატო განაკვეთზე. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში უკვე სამი პირი იყო დასაქმებული. გარდა ამისა, წარმოდგენილ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ მიზანშეუწონლად, მხოლოდ პირადი განცხადებების საფუძველზე 2020-21 წლებში შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მუდმივმოქმედ რვა თანამშრომელს და ხელფასის სახით, ჯამურად, 14 970 ლარი გადაუხადა. გარდა ამისა, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს, ბრძანების საფუძველზე, ორგანიზაციამ შრომითი ხელშეკრულება გააფორმა მსახიობებთან, რომლებზეც ხელფასის სახით, ჯამურად, 3375 ლარი გაიცა. აუდიტი კი ასკვნის _ ვინაიდან ორგანიზაციას 2020 წლის 17 აგვისტოს შემდეგ არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია, ზემოთ ნახსენები თანხა დახარჯულია არამიზნობრივად. მერიის აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული ის ფაქტიც, რომ 2019 წლის იანვრიდან უვადო შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს: ორგანიზაციის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და ხმის რეჟისორს, რომლებიც, ამავდროულად, ბათუმის სახელმწიფო თეატრის მუდმივმოქმედი თანამშრომლებიც იყვნენ.
წარმოდგენილ დასკვნაში, ასევე, ვკითხულობთ: “ორგანიზაციის დირექტორმა მხოლოდ 2020 წლის 28 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე სპექტაკლ “ზვავის” დადგმასთან დაკავშირებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ აპრილამდე, სადაც ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 400 ლარის ოდენობით, საკუთარი პიროვნება მიიწვია რეჟისორად, ხოლო 2021 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე დავით წერეთელმა ამავე სპექტაკლის დადგმასთან დაკავშირებით განსაზღვრული ვადა შესაბამისი ანაზღაურებით (ისევ 400 ლარი) კიდევ გაიხანგრძლივა ერთი თვით. შესაბამისად, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციის წესდებასთან, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია შრომის კოდექსის დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს თანამშრომლებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ორგანიზაციის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები აღნიშნული სპექტაკლთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, 1600 ლარი დახარჯულია არამიზნობრივად”.
მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ანგარიშში, რომელიც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობის 2019-2020 წლებს მოიცავს, ნათქვამია, რომ დარღვევებია გამოვლენილი თანამშრომლებზე თანხების ერთჯერადად ჩარიცხვის დოკუმენტებშიც. მაგალითისთვის, კულტურის ცენტრის დარაჯს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, მხოლოდ ორგანიზაციის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის იანვარში სათბობი შეშის დაპობა-დასაწყობებისთვის ჩაერიცხა 75 ლარი, რასთან დაკავშირებითაც დოკუმენტურად არ არის აღნიშნული რამდენი კუბური მეტრი შეშა იქნა დაპობილი და დასაწყობებული.
აუდიტის ანგარიშში, ასევე, წერია, რომ 2019 წლის დეკემბერში, ბრძანების საფუძველზე, სახელფასო ეკონომიის ხარჯზე, საახალწლო-სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის შტატით მომუშავე 21 თანამშრომელზე გაიცა სახელფასო დანამატი, ჯამში, 2 700 ლარი, ხოლო შტატგარეშე შვიდ თანამშრომელზე _ ჯამში, 1 200 ლარის ოდენობით.
“აღნიშნული ბრძანება სახელფასო დანამატის შესახებ გაცემულია დარღვევით, რადგანაც ბრძანების დასაბუთების ნაწილში მითითებული არაა სახელფასო დანამატის გაცემისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმები. კრიტერიუმად მოყვანილია საახალწლო-სადღესასწაულო დღეები, თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველს”, _ წერია აუდიტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, სადაც, ასევე, ვკითხულობთ, რომ ანალოგიური სახის სახელფასო დანამატი კულტურის ცენტრში 2020 წლის დეკემბერშიც გაიცა, ოღონდ მხოლოდ შტატგარეშე დასაქმებულ სამ პირზე და ჯამში, 600 ლარის ოდენობით.
როგორც წარმოდგენილ ანგარიშში წერია, აუდიტმა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ინვენტარის შემოწმებისას 5 566,72 ლარის დანაკლისი გამოვლინდა.
“ინვენტარის შემოწმების მიზნით, შერჩევის პრინციპით, ჩატარებული დათვალიერებისას “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” გარდერობში გამოვლინდა შემოქმედებითი ჯგუფებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების სპეცტანსაცმლისა და აქსესუარების დანაკლისი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 5566,72 ლარი”, _ წერია დასკვნაში.
მერიის აუდიტის დასკვნითვე წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში მივლინებების დროს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ და გადაჭარბებულ ხარჯვასაც ჰქონდა ადგილი.
“2019 წლის 4-8 აპრილს, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის მხრიდან გამოგზავნილ მოსაწვევში მითითებული “იმედის” ორი ქორეოგრაფის ნაცვლად, “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებიდან” მოსაწვევის გარეშე გაემგზავრა სამი თანამშრომელი, რომელთა სამივლინებო ხარჯმა ჯამურად შეადგინა 1412,25 ლარი, რაც წარმოადგენს ორგანიზაციის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯს.
2020 წლის 8 იანვარს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, ორგანიზაციის დირექტორი 10 იანვრიდან 20 იანვრამდე მივლინებული იქნა უკრაინაში. მივლინების ბარათში არ არის დაფიქსირებული ლანჩხუთიდან გასვლის და ლანჩხუთში გამოცხადების თარიღები. ასევე, არც ბრძანებაში და არც მის საფუძველზე შედგენილ სამივლინებო ბარათში არ არის მივლინების დღეთა რაოდენობა აღნიშნული. მივლინების თანხამ მხოლოდ ერთ პიროვნებაზე შეადგინა 4347,74 ლარი, რაც საკმაოდ სოლიდურია ორგანიზაციის ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვასთან მიმართებაში”, _ ასკვნის აუდიტის სამსახური.
აუდიტის სამსახურის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში არაერთი დარღვევა გამოვლინდა შესყიდვების მხრივაც.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ხშირ შემთხვევაში, გაწეულ მომსახურებაზე არ არის ანგარიშფაქტურა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში. ასევე, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას არ არის მითითებული რის საფუძველზე გახორციელდა ის და ვის გაეწია მომსახურება.
“2019 წლის 17 მაისს 300 ლარზე ი/მ “გრიგოლ ჯაფარიძესთან გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. აღნიშნულ მომსახურებაზე არ არის ანგარიშფაქტურა (ზედნადები/ინვოისი) ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში. არ არის ბრძანება დაწერილი, თუ რის საფუძველზე გახორციელდა წარმომადგენლობითი ხარჯი და ვის გაეწია მომსახურება”, _ ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც ათეულობით ანალოგიური ფაქტია დაფიქსირებული.
განსაკუთრებით ტრანსპორტირების დაქირავების მხრივ არის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ტრანსპორტის მომსახურებას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა შესაბამისი დოკუმენტაციები არ არის ატვირთული ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, რაც შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაა, სხვა რომ არაფერი.
მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებისას ადგილი ჰქონდა ასევე ინტერესთა კონფლიქტის არსებობას და არა ერთ შემთხვევაში, ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებას საკუთარ თანამშრომელთან აფორმებდა.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში დასკვნაში ასახული შენიშვნების მხოლოდ მცირედი ნაწილია მოყვანილი და ბუნებრივია, მთლიანი სახით დასკვნის გამოქვეყნება, შეუძლებელი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ლანჩხუთის საკრებულოში “ლელოსა” და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ფრაქცია “ლანჩხუთი – საქართველოსთვის” ფრაქციის სხდომაზე უკვე განიხილეს. მათი თქმით, ვინაიდან დოკუმენტი საკმაოდ რეზონანსულია და მასში საუბარია სერიოზულ ფინანსურ გადაცდომებზე, ის აუცილებლად უნდა გახდეს ფართო მსჯელობის საგანი.
ფრაქციაში გვითხრეს, რომ სასურველია საკრებულოს სამმა კომისიამ _ იურიდიულმა, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურმა კომისიამ აუცილებლად განიხილოს აუდიტის ეს ანგარიში და საკუთარი დასკვნა დადონ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
[sexy_author_bio]