ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას B და C ჰეპატიტზე იკვლევენ.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ კვლევას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმები არეალის შერჩევითი პრინციპით ახორციელებენ.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოსახლეობაში ხდება B და C ჰეპატიტების გაფართოებული კვლევა. ჯგუფები ანალიზებს იღებენ, ანტისხეულებს და სხვა მონაცემებს სწავლობენ. ასეთი კვლევების შედეგად გვაქვს მერე პროცენტული მაჩვენებლები იმის შესახებ თუ როგორია მოცვა. კვლევის შედეგები ამ მოსახლეობას მიეწოდება ოფიციალურად.
სოფლების არჩევა ხდება შერჩევითი პრინციპით. ამჟამად გამოსაკვლევად შეირჩა ქალაქის ტერიტორია, სოფელი აკეთი, გვიმბალაურის უბანში ერთ-ერთი სოფელი ჯუნეწერი, სუფსის საკრებულოს რადენიმე ტერიტორია, ლესა, ჯურუყვეთი, წყალწმინდა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ C ჰეპატიტი მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია. არის შემთხვევებიც, როცა დაავადების მქონე პირები მკურნალობაზე სხვადასხვა მიზეზების გამო უარს ამბობენ.
უფრო ვრცელ მასალას ლანჩხუთში არსებული მდგომარეობის შესახებ „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.