ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, გურიის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ლანჩხუთში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები:
„მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის გარკვეულ უბნებს, რაც შეეხება ჩოხატაურს პრობლემურ მონაკვეთებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია.
დაზიანებულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ ,,ენერგო პრო ჯორჯიასა“ და ,,სოკარ გაზის“ ტექნიკური ჯგუფები“.
„გაიწმინდა სამედიცინო დაწესებულებებთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორიები“, -დაწერა ფეისბუქზე ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, მამუკა ჭყონიამ.
თუმცა, როგორც ფაქტები აჩვენებს, ლანჩხუთში გზების უმეტეს ნაწილზე მოძრაობა პარალიზებულია. გზების ნაწილი ჯერაც თოვლითაა დაფარული და მოძრაობა პარალიზებულია. მათ შორის მოძრაობა ჭირს ცენტრალურ მაგისტრალზეც.
მითუმეტეს, რომ ლანჩხუთში თოვა ამ დრომდე გრძელდება და რიგ სოფლებში, მოქალაქეთა თქმით, თოვლის საფარი 2 მეტრსაც კი აღწევს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა იმ მაღალმთიან სოფლებში, რომელიც 2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიამ დააზარალა.
სოფლებში არსებულლ მდგომარეობაზე აქტიურად წერენ სოციალურ ქსელში და ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„იმის გამო რომ გზა არ არის გასუფთავებული, 24 საათიან სამსახურის შემდეგ შემდეგი 24 საათი უნდა გადავაბა, რომ „სმენა“ თოვლის გამო სამსახურში ვერ მოდის და მე სახლში ვერ მივდივარ. ეს რა რაიონია, უღატაკესი და წყალწაღებული ყველაფრიდან ყველაფრამდე.
10 -12 წელიწადში ერთხელ მოდის თოვლი და იმის გამკლავება არ შეუძლია მუნიციპალიტეტს, რა რაიონია საერთოდ.“
ეწერი-ჯურუყვეთის გზის ფოტოს აქვეყნებს საკრებულოს ექს თავმჯდომარე და სოფლის ყოფილი მაჟორიტარი, ამირან გიგინეიშვილი.
“ეს სახლიდან გადავიღე. ეწერი-ჯურუყვეთის გზა, რაც თოვა დაიწყო, არავის გაუწმინდავს. დევს შუა გზაზე მეტრი სიმაღლის თოვლი ზუსტად ისე, როგორც ეზოში!“ – წერს იგი.
მოქალაქეები წერენ, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში.
„არ დამიწყოს ეხლა ვინმემ ზამთრისთვის მომზადებული უნდა იყოთო.საჭმელ -სასმელს არავის ვთხოვ, ყველაზე ელემენტარული გზა გაიწმინდოს. ბავშვობაში თოვლის მეტი რა მახსოვს, მაგრამ გზები იწმინდებოდა“.