ლანჩხუთში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის ვაჟს, ვახო ტაბიძეს, რომელის სამართალდამცავებმა გასულ კვირას დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას სავალუტო ჯიხურის ყაჩაღობასა და მეპატრონეზე თავდასხმას ედავება.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ვახტანგ ტაბიძემ სავალუტო ჯიხურის მფლობელს სახეში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა, მაგრამ დაზარებულის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევის გამო, ფულის წაღება ვერ შეძლო. პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებს დაცვის მხარე. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ განსასჯელის მოტივაცია ყაჩაღობა არ ყოფილა.
დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახო ტაბიძეს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.