შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში გამართულ მსოფლიო საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის პარალელურადაც საქართველოს კულტურის დღეები მიმდინარეობდა, საპატიო სტუმრის სტატუსით ლანჩხუთიდან ანსამბლ „მხედრების“ წევრები იმყოფებოდნენ.
„ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც ანსამბლის წევრებმა იქ ორი კვირის განმავლობაში განვიცადეთ. შვიდი ოფიციალური კონცერტი გავმართეთ, თუმცა, არაოფიციალური ყოველ საღამოს გვქონდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ პუბლიკა აღფრთოვანებული იყო ხალხური სიმღერებით. ყველა კუთხის ფოლკლორი, ქალაქური რეპერტუარიც გვქონდა, ასევე, საგალობლებიც. განსაკუთრებით, კრიმანჭული მოეწონათ. მათი იოდლი, ჩვენი კრიმანჭულის მსგავსია.
ბევრმა იცოდა საქართველოსა და ქართული სიმღერების შესახებ. იცოდნენ „სულიკო“ , „გაფრინდი შავო მერცხალო“, ხოლო, ვინც პირველად გაიგო საქართველოს შესახებ, მაშინვე გაუჩნდათ სურვილი, ენახათ თბილისი“, _ იხსენებს ანსამბლის ახალგაზრდა ლოტბარი ავთო თურქია, რომლის თქმითაც, ეს ანსამბლის პირველი გასტროლი იყო ქვეყნის გარეთ.