ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 33 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, სამი მოქალაქე კი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, იძულებით კარანტინშია.
„ყველა პირის ისტორია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება ან კარანტინში გადავიყვანეთ, უცხოეთში მოგზაურობას უკავშირდება. სათანადო უწყებები ოპერატიულად მუშაობენ, სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე შექმნილი გვაქვს მუშა ჯგუფები, საქმეში ჩართულია საპატრულო პოლიცია, მერის წარმომადგენლები და ყველა დღიურად ვიღებთ ინფორმაციებს უცხოეთიდან ჩამოსულთა შესახებ. ასევე მუდმივი სატელეფონო კავშირი გვაქვს იზოლაციაში მყოფ პირებთან, პერიოდლად ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის ადგილზე მისვლით ხდება მათი მდგომარეობის შემოწმება და თუ ადგილი აქვს თვითიზოლაციის წესის დარვევას, გადაგვყავს კარანტინში. ნაწილობრივ გვაქვს ინფორმაცია ვინ შეიძლება უახლოეს პერიოდში ჩამოვიდეს უცხოეთიდან, ასევე მერის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება, რომ ჩამოიარონ ოჯახებში და გადაამოწმონ უახლოეს დღეებში ხომ არ გეგმავენ უცხოეთიდან სტუმრის მიღებას“, _ ითქვა ლანჩხუთის მერიაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელთა მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.