საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.
კვირეულს შეუერთდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც, რომლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კვირეული მისალმებით, სპორტული ჩვენებებითა და გარბენით გაიხსნა.
სპორტის მნიშვნელობაზე ქალაქის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ფაცურია და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე.
ამის შემდეგ მაყურებელს წარუდგნენ მერაბ თურქიას აღსაზრდელები და ირაკლი ჩახვაძის ჯგუფი “ანას მეგობრები”.
კვირეულის საზეიმო გახსნის შემდეგ მოეწყო გარბენი ერთ კილომეტრზე, სადაც პირველი ადგილი მერიის თანამშრომელმა, თორნიკე ნაკაიძემ დაიკავა.
მეორეზე ლუკა წილოსანი, ხოლო მესამეზე ქრისტინე ხუხუნაიშვილი გავიდნენ.
გამარჯვებულებს გადაეცათ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმოწერილი სიგელი ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე მედლები და თასი (პირველადგილოსანს), რომელიც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა დააწესა.
ასევე სიმბოლური საჩუქარი გადაეცა ყველაზე აქტიურ ქალბატონს, ლელა ჩახვაძეს.
კვირეული 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.