მოქანდაკე იური სარჯველაძე, რომელიც ლანჩხუთში ცხრა მაისის ღონისძიებისთვის სტალინის ბიუსტის დადგმას გეგმავდა, თუმცა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ამის ნება არ დართო, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
„გურია ნიუსთან “ საუბარში იური სარჯველაძე ამბობს, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს და ბელადის ბიუსტს ლანჩხუთში დადგამს.
„არ ვიცოდი ამხელა ამბავი თუ მოჰყვებოდა ამას, თორემ ყველაფერს წინასწარ დავგეგმავდი. მერიაში მითხრეს, რომ თურმე ნებართვა ყოფილა საჭირო. ავდექი და ახლა ხელმოწერების შეგროვება დავიწყე. სამწუხაროდ, ბევრი აღარ დარჩა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მაგრამ სხვა ვეტერანები ხომ არიან და იმათ მითხრეს, მხარში დაგიდგებითო. ახლაც ხელმოწერებზე დავდივარ. ერთი რამ მინდა განვმარტო, რომ ბიუსტის დადგმა კი არა, მისი აღდგენა ხდებოდა იმ ადგილას, სადაც ის წლების განმავლობაში იდგა“, _ ამბობს მოქანდაკე, რომლის თქმითაც, სანამ შედეგს მიაღწევს, ბელადის ბიუსტი მის სახელოსნოში იქნება.
ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კი ეეჭვება, ხელმოწერების შეგროვებამ ბიუსტის დადგმას ხელი შეუწყოს.
„ვესაუბრე ბიუსტის ავტორს, ის გაგებით მოეკიდა ჩვენს პოზიციას. მითხრა, რომ თუ საჭიროა, ხელწერებსაც წარმოვადგენო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის დაცვით, რაც აკრძალულია, ის არის აკრძალული და ამაზე უნდა შევჯერდეთ“, _ ამბობს მერი.