მოგეხენებათ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად გაჩნდა ნაპრალები, დაიბზარა და დაინგრა სახლები, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მეწყერსაშიში ტერიტორიების დატოვება, ღვერკი და ხემაღალი გამოცხადდა სტიქიის ზონად.
მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა და კვლავაც აშუქებს მედიაორგანიზაცია ,,ჩემი ხარაგაული”, რომლის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ლაურა გოგოლაძემ, სოციალური ქსელის მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით მიმართვა გაავრცელა.
,,მივმართავ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვისაც დამოუკიდებელი მედიის როლის გაგება და ჩვენთან თანამშრომლობა უჭირს. მოგვეცით საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა!
ახლა ურთიერთდაპირისპირების დრო არ არის! ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას მძიმე დღეები უდგას, მეწყერთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ გაძლევთ ჩვენზე თავდასხმისა და მუშაობაში ხელისშეშლის უფლებას!
ბოლო ინციდენტი სწორედ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყერის ჩვენგან გაშუქებას უკავშირდება. ამ თემას ივნისიდან ვაშუქებთ.
სწორედ „ჩემი ხარაგაულიდან“ შეიტყვეს ინფორმაცია ცენტრალურ დონეზე მაუწყებელმა ტელევიზიებმა და ონლაინგამოცემებმა. ვაშუქებთ სრული პასუხისმგებლობით, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებითა და შესაძლებლობებით. ღვერკი-ხემაღალის მეწყერთან დაკავშირებით მოქალაქეთა შეკითხვებსა და კომენტარებს ჩვენს ფეისბუქგვერდზე არ/ვერ წავშლით.
ვერც ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის სასურველ „გაშუქების სტანდარტს“ მოვერგებით. შეგიძლიათ მოქალაქეებს უპასუხოთ, ან/და თქვენი განსხვავებული მოსაზრებებიც დააფიქსიროთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე, მკითხველთა წუხილების გვერდით. მოქალაქეებს, განსაკუთრებით – დამეწყრილ ოჯახებს – რაც შეიძლება დროული, სრულყოფილი და რეალური ინფორმაცია სჭირდებათ, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით.
27 წლის პასუხისმგებლიან, კვალიფიციურ და მრავალ ქარტეხილგამოვლილ მედიაორგანიზაცია „ჩემ ხარაგაულთან“ დაპირისპირებას, აჯობებს, ჩვენთან გამართული თანამშრომლობა ახლა მაინც შეძლოთ და თავადაც მოგვაწოდოთ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. წარმატებებს გისურვებთ ღვერკი-ხემაღალის მეწყერის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით.
პატივისცემით, ლაურა გოგოლაძე „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი”.
ავტორი




























































