ლეიბორისტებს სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. საპატრულო პოლიციამ პარტიის წევრები შენობიდან გაიყვანა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად მჯდომარე აქცია გამოაცხადა. ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სემეკში მისვლისკენ მოუწოდებს.
“აქ წყდება ქვეყნის ბედი,”- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა. ტარიფების შესახებ სემეკის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ნათელაშვილი პირადად კახა კალაძეს უკავშირებს. მან მარეგულირებელი კომისიის წევრებს მონები, კალაძეს კი მაფიოზების მეთაური უწოდა.
სემეკის სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “თელასის” ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკი-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ და სემეკის წევრებმა ამ საკითხს კენჭი უყარეს.
სემეკში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რადგან ლეიბორისტული პარტია კომისიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა. სხდომაზე მივიდა შალვა ნათელაშვილიც.
სემეკში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით “თელასი” სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს.შესაბამისი განცხადება კომპანიამ სემეკში 16 აგვისტოს შეიტანა.