მსახიობი ლეილა აბაშიძე მრავალ მხატვრულ ფილმშია გადაღებული და როგორ იქნებოდა, რომ კურიოზულ სიტუაციებშიც არ აღმოჩენილიყო.
რეჟისორ სიკო დოლიძის სურათის “შეხვედრა წარსულთან” გადაღება გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მიმდინარეობდა. ლეილა აბაშიძე მასში ღატაკი და უთვისტომო ქალიშვილი ნინოს როლს ასრულებდა.
ერთხელაც დილით, დაკონკილ კაბაში ჩაცმული ქალბატონი ლეილა, დაგლეჯილი ჩუსტებიდან ფეხის თითები რომ უჩანდა, ჩოხატაურის სასტუმროს წინ მანქანის მოლოდინში კიბეზე იჯდა და ერთი კვირა დიეტით ნაშიმშილევი, ცარიელ პურს შეექცეოდა. კვირა დღე იდგა და ქუჩაშიც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ადგილობრივი ქალები მსახიობს დაჟინებით უყურებდნენ და გაოცებულები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ მათ რიგებს ერთი შუახნის ქალი გამოეყო, ლეილასთან მივიდა, ჩანთიდან გურული კეცის მჭადი და ჭყინტი ყველი ამოიღო და სევდიანი სახით მსახიობს მიაწოდა. “ამფერი კაი ციცა რეიზა დაგჩაგრა ცხოვრებამ? ამ დროებაში მასე რა გაგიჭირვა”, _ უთხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. რამდენი წელია გასული იმ შემთხვევიდან და ლეილა აბაშიძეს ჩოხატაურული მჭადისა და ჭყინტი ყველის დაუვიწყარი გემო დღემდე ახსოვს.