“ლელოს“ მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, „ლელოს” ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს რომ “ლელოს” დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს; მაგალითად, ნაძალადევის მე– 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი, რაც საკმაოდ მძიმე დარღვევაა და უბანზე კენჭისყრის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. თუმცა, კენჭისყრა გაგრძელდა.
„დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55 და 56 უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა.
დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე, სადაც „ლელოს” მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავის ხმა დაეფიქსირებინა, თუმცა ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.
კენჭისყრის პროცესი დარღვევით დაიწყო რუსთავის 54-ე უბანზე. კერძოდ, დამკვირვებლების დიდი ჯგუფიდან მხოლოდ ორი იყო შესული, დანარჩენ დამკვირვებლებს უბანზე არ უშვებდნენ, რის შესახებაც დაიწერა საჩივარი.
გურჯაანის 30 საარჩევნო უბანზე, ორი ადამიანი ერთდროულად იყო ხმის მიცემის კაბინაში შესული, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარება“, _ განაცხადეს ბრიფინგზე.
დავით უსუფაშვილის თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება გამოძიებული რადგან ოპოზიცია და დამკვირვებლები არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ.
„იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ“, _ განაცხადა უსუფაშვილმა.