24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს 21 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა, ბათუმის სასულეირო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი მორთულაძე ემსხვერპლა.
მისი ცხედარი ლიფტში იპოვეს.
_ როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს 5 ადამიანი გადაარჩინა, სამშვიდობის გაიყვანა და თავად ვეღარ მოახერხა ლიფტიდან გამოსვლა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგის მამამ, თემურ მორთულაძემ.
გიორგი „ლეო გრანდში“ სავარჯიშოდ იყო მისული. 21 წლის სტიქაროსანს და ხატმწერს დედა ბოლოს 24 ნოემბერს ესაუბრა.
_ იმ საღამოს ვერ დავუკავშირდი. ტელეფონზე არ მპასუხობდა. ტელევიზორი არ ჩამირთავს და ინფორმაციას არ ვფლობდი ხანძრის შესახებ. ჩემი მეუღლე მოვიდა სახლში და მოგვიყვა რა ტრაგედიაც დატრიალდა. არ დამიშვია, რომ იქ ჩემი შვილიც იყო, _ გვითხრა გიორგის დედამ ირმა მორთულაძემ.
დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ სამართლიანობის აღსრულებისთვის იბრძოლებენ.
_ ვინმეს დასჯა გიორგის ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ იმისთვის, რომ სხვების შვილებსაც ასე არ დაემართოთ ვიბრძოლებთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, _ ამბობენ გიორგის ახლობლები.