“ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა იმ რგოლთან, რომელიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაშია ჩართული”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე.
მინისტრმა ქვეყანაში სასურსათო მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები კიდევ ერთხელ განიხილა.
„ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და, მეორე მხრივ, არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში. მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რათა სიტუაცია იყოს მართული და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, საქართველოს სავაჭრო ქსელების მომარაგების სისტემა სხვაგვარია. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მომარაგებაში იყოს წყვეტა ან შეფერხება, არ გვაქვს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენთან შექმნილი სპეციალური შტაბი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.
მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.