დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი.
„ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.