,,ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია ეს პროცესი მართოს“, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ტელეწამყვანის კითხვას _ გულისხმობდა თუ არა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რატიანმა კითხვას არ უპასუხა.
როგორც ლევანი რატიანი ამბობს, ქვეყანაში არსებული საავადმყოფოების საწოლფონდების, მინიმუმ, 80% კოვიდთან ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.
,,ერი იქნება ეს თუ ბერი, თუ ვინც უნდა იყოს, საჯარო მოხელე იქნება თუ გლეხი, ყველა იქითკენ უნდა ვიყოთ მიმართული, რომ, რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც სჭირდება დახმარება, ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია ეს პროცესი მართოს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, კოვიდ-რუკაზე პირველ ადგილზეა, მე-2 ადგილზე ლუქსემბურგია, მე-3 ადგილზეა მონტენერგო, სერბეთი მე-4 ადგილზეა, ხოლო ანდორ _ მე-5 ადგილზე.