ტელეწამყვან ლევან როსტოშვილისა და მსახიობ ლაშა კურტანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ საქალაქო სასამართლო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულების ლევან რ.-სა და ლაშა კ.-ს მიმართ. მათ ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 5 მაისს, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დიდი ოდენობით ლაშა კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდებულებმა ისარგებლეს დუმილის უფლებით.
სასამართლომ, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ლევან რ. და ლაშა კ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისათვის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ლევან რ. დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდებულ ლაშა კ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა / შენახვის მუხლი, გადაკვალიფიცირდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებაზე, შედეგად სასამართლომ ლაშა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
































































