დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც სოფელ ლიხაურის მცხოვრებთა პეტიციას ეხებოდა, სოფელ ლიხაურში საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტის მოთხოვნის და შემდგომი პროცედურის განსაზღვრის თაობაზე.
პეტიციის ხელმომწერების თხოვნა მდგომარეობს შემდეგში: „ლიხაურის საბავშვო ბაღი არის ტიპიური შენობა და გათვლილია ხუთ ჯგუფზე. ამჟამად ფუნქციონირებს სამი ასაკობრივი ჯგუფი და ირიცხება ასი აღსაზრდელი. მშობელთა მოთხოვნაა, ბაღში ჯგუფები დაემატოს. თუმცა შენობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, კერძოდ შესაკეთებელია სახურავი, სანიაღვრე სისტემა, მთლიანად არის დასამონტაჟებელი გათბობის სისტემა და შესაკეთებელია გარე ფასადი.“
ყოველივე ამ მიზეზების გამო, ისინი თხოულობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან ერთად, განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია.
საკრებულოს დეპუტატმა, ლავრენტი ბიგვავამ განაცხადა, რომ 2019 წლის გასახორციელებელ პროექტებში ლიხაურის საბავშვო ბაღის რემონტის საკითხიც იგეგმება.
ლიხაურის საბავშვო ბაღის მენეჯერმა ნათია გობრონიძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა აღნიშნულ თემაზე და მადლობა მოუხადა, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს, ისე სოფელ ლიხაურის მაჟორიტარ დეპუტატს ოზურგეთის საკრებულოში გიორგი მდინარაძეს.
_ყველამ ერთად დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში და ვართ მადლიერი, _ თქვა მან.